არამენსტრუაციული სისხლდენა

არეულობის მსხვერპლი
მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში ქალის ორგანიზმში ფიზიოლოგიური პროცესების მთელი კასკადი მიმდინარეობს: ორი ქალური ჰორმონი, ესტროგენი და პროგესტერონი, რომლებიც წყვილ საკვერცხეში გამომუშავდება, საშვილოსნოს ამომფენი სისხლძარღვოვანი გარსის წარმოქმნას უწყობს ხელს. სწორედ ამ გარსის ქსოვილში უნდა ჩაინერგოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. ეს უკანასკნელი, ჯერ კიდევ თავისუფალი და გაუნაყოფიერებელი, მენსტრუაციის დაწყებიდან მე-12-14 დღეს საკვერცხიდან გამოიტყორცნება, ჯერ მუცლის ღრუში ხვდება, შემდეგ კვერცხსავალ (ფალოპის) მილში გადაინაცვლებს და სპერმატოზოიდს ელოდება. თუ პაემანი შედგა, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ორსულობისთვის საგანგებოდ მომზადებულ, სისხლძარღვებით მდიდარ ენდომეტრიუმში – საშვილოსნოს ამომფენ გარსში ჩაინერგება. თუ განაყოფიერება არ მოხდა, ჰორმონების დონე დაიკლებს, ხოლო საშვილოსნოს ღრუს ამომფენი სისხლძარღვოვანი შრე ნელ-ნელა ჩამოიფცქვნება. ასე იწყება მენსტრუაციული სისხლდენა.
მენსტრუაციული ციკლი იწყება სისხლდენის პირველი დღიდან და მეორე სისხლდენის დაწყებამდე გრძელდება. ქალთა უმრავლესობას 28-დღიანი ციკლი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ციკლი უფრო მოკლე ან უფრო ხანგრძლივიც იყოს – პლუს-მინუს 7 დღე ნორმად ითვლება. თავად მენსტრუაციის ხანგრძლივობაც მეტ-ნაკლებად ლიმიტირებულია და უმეტესად ხუთდღიანია.

მენოპრობლემები
ქალის ორგანიზმი ყოველთვის როდი სჯერდება “ლიმიტირებულ” მენსტრუაციულ სისხლდენას – შესაძლოა, გამონადენი მენსტრუაციებს შორისაც გაჩნდეს ან თავად თვიურმა გადალახოს ყოველგვარი ლიმიტი.
სისხლდენა ნორმის ფარგლებს სცდება და, ამდენად, საყურადღებოა, თუ:
. მენსტრუაციებს შორის იჩენს თავს. შესაძლოა, სისხლდენა უხვი არც იყოს და თეთრეულზე მხოლოდ ბაც ვარდისფერ ლაქებს ტოვებდეს.
. ვითარდება სქესობრივი კონტაქტის შემდეგ.
. მენსტრუაციის დროს მეტისმეტად უხვი და ხანგრძლივია. თუ სისხლდენამ, თუნდაც მენსტრუაციულმა, 7 დღეს გადააჭარბა, მას მენორაგიას უწოდებენ. ამ დროს ქალს საათში ერთხელ მაინც უხდება საფენის ან ტამპონის გამოცვლა.
. სისხლდენა მენოპაუზის შემდეგაც გრძელდება.
ქალის სიცოცხლის ზოგიერთ ეტაპზე ციკლის დარღვევა საგანგაშო არ არის, თანაც მალევე უბრუნდება ნორმას. მაგალითად, სქესობრივი მომწიფების ასაკში, პირველი მენსტრუაციიდან – მენარქედან რამდენიმე თვის ან წლის მანძილზე, თვიური შესაძლოა არარეგულარული იყოს, სისხლიანი გამონადენი კი ზომაზე მეტად უხვი ან მცირე. მსგავსი უცნაურობანი შესაძლოა მენოპაუზის პერიოდშიც გაგრძელდეს: ციკლი მოკლდება, არარეგულარული ხდება, სისხლდენა ძლიერდება ან სუსტდება. ამგვარი ცვლილებები, როგორც გითხარით, დროებითია და მკურნალობას არ საჭიროებს.

მენომიზეზები
საშოდან პათოლოგიური (დისფუნქციური) სისხლდენის მიზეზი მრავლად მოიძებნება. ყველაზე ხშირად მას ჰორმონული დისბალანსი იწვევს: ზოგჯერ ესტროგენს მეტისმეტი მოსდის, მისი ზემოქმედებით ენდომეტრიუმი ზომაზე მეტად სქელდება და, შესაბამისად, სისხლდენაც უხვია; ზოგჯერ ჰორმონების არაადეკვატური მოქმედების შედეგად საშვილოსნოს ღრუს ამომფენი სისხლძარღვოვანი გარსი უდროო დროს იწყებს აცლას და სისხლდენაც მენსტრუაციებს შორის იჩენს თავს ან დროზე ადრე იწყება.
პათოლოგიური სისხლდენის განვითარებისთანავე კონსულტაციისთვის გინეკოლოგს ეწვიეთ. მხოლოდ მას შეუძლია გაარკვიოს, რამდენად სახიფათოა ვითარება და რა სახის მკურნალობა გჭირდებათ. ხშირად პრობლემას უბრალო მიზეზი აქვს და იოლი დასაძლევია.
დისფუნქციურ სისხლდენას იწვევს:
. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, უპირატესად – კომბნირებული ორალური კონტრაცეპტივები (კოკები) და სპირალი;
. საშვილოსნოს, მისი დანამატებისა და საშოს ინფექციური დაავადებები;
. საშვილოსნოს პოლიპები და ფიბროზული წარმონაქმნები;
. საშვილოსნოსა და საშოს ავთვისებიანი წარმონაქმნები;
. ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, უმეტესად – ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და შაქრიანი დიაბეტი;
. ორსულობა, საშვილოსნოსგარე ორსულობა ან სპონტანური აბორტი (მუცლის მოშლა);
. ზოგიერთი მედიკამენტი.