შევაჩეროთ ახლომხედველობა: ღამის ლინზების ეფექტი
თითქმის ყოველ მეოთხე ბავშვს აღენიშნება ახლომხედველობა, მიოპია –რეფრაქციული მანკი,–ახლომხედველობა, მიოპია, მხედველობის ისეთი დეფექტია, რომლის დროსაც თვალს ზომაზე მეტი გარდამტეხი ძალა ან წინა-უკანა ღერძი აქვს და ამის გამო გამოსახულება ეცემა არა ბადურაზე (თვალის უკანა კედელზე), არამედ მის წინ. ამ დროს ადამიანი ახლო მანძილზე კარგად ხედავს, შორს კი ცუდად.
ბოლო ხანს მეტისმეტად გახშირდა მიოპია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, რაც კომპიუტერული ტექნიკის განვითარებას და მხედველობის ახლო მანძილზე ხანგრძლივ დატვირთვას უკავშირდება. ახლომხედველობა უმეტესად შეძენილია, ის ჩამოყალიბებას სკოლამდელ ან სასკოლო ასაკში იწყებს. მიოპიის განვითარების რისკი იმატებს, როდესაც ის ბავშვის მშობლებსაც აღენიშნებათ ან სასკოლო ასაკის ბავშვს ჰიპერმეტროპია +0,5 დიოპტრიაზე ნაკლები აქვს, ასევე – სუსტი აკომოდაციის შემთხვევაში და კითხვის ადრეულ ასაკში დაწყების შემდეგ. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, უმცროს კლასებში მიოპიის სიხშირე საშუალოდ 6-8%-ს შეადგენს, დამამთავრებელ კლასებში – 25-30%-ს, უმაღლეს სასწავლებლებში კი 50%-ს.
ეს არ არის მხოლოდ ოპტიკური დეფექტი. პროგრესირებადი მიოპია თვალის წინა-უკანა ღერძის ზრდას განაპირობებს, რაც თვალის სტრუქტურებში პათოლოგიური ცვლილებების განვითარებას უწყობს ხელს.
მიოპიის დასადგენად საჭიროა კომპლექსური დიაგნოსტიკა, რაც გულისმობს: რეფრაქციის კომპიუტერულ განსაზღვრას (ავტორეფრაქტომეტრია), მხედველობის სიმახვილის შემოწმებას კორექციის გარეშე და კორექციით, თვალის მამოძრავებელი კუნთების ბალანსის განსაზღვრას, ბინოკულარული ფუნქციების შეფასებას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წინა-უკანა ღერძის გაზომვას, რეფრაქციის დადგენას ციკლოპლეგიის ფონზე (ანუ ორჯერადი ჩაწვეთებით ცილიარული კუნთის მოდუნებით), თვალის ფსკერის დეტალურ დათვალიერებას.
მიოპიის კორექციის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სათვალე. ის, ჩვენებისამებრ, შესაძლოა იყოს მონოფოკალური (ჩვეულებრივი სფერული, ასფერული ან ცილინდრული ლინზებით), ბიფოკალური (ერთ ლინზაში ორი სხვადასხვა დიოპტრიაა: ზედა ნახევარში – შორი მანძილისთვის, ქვედაში – ახლოსთვის), პროგრესული (ზედა და ქვედა ნაწილი განკუთვნილია შორ და ახლო მანძილზე ხედვისთვის, მაგრამ მათ შორის არის შუალედური დიოპტრიებიც).
ფართოდ გავრცელებული მეთოდია მიოპიის კონტაქტური ლინზებით კორექციაც.
სათვალეს და ლინზებს ექიმი არჩევს და ისინი 6 თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს.
ეს მეთოდები ადამიანს საშუალებას აძლევს, ნორმალურად დაინახოს, თუმცა, როგორც დრომ გვაჩვენა, სათვალე და კონტაქტური ლინზები ვერ აფერხებს მიოპიის პროგრესირებას, მათი საშუალებით მხოლოდ ცენტრალური რეფრაქციის კორექცია ხერხდება, პერიფერიული რეფრაქცია კორექციის გარეშე რჩება.
მიოპიის პროგრესირების შესაჩერებლად ქირურგიულ მეთოდებს – მცირე და დიდ სკლეროპლასტიკას იყენებენ. სხვადასხვა მონაცემებით, ისინი ნახევარზე მეტ შემთხვევაში აფერხებენ მიოპიის
მიოპიის პროგრესირების შეფერხების ყველაზე ეფექტურ გზად მიჩნეულია ორთოკერატოლოგიური (ღამის ლინზებით) კორექცია, ლინზების შერჩევა საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ექიმთან რამდენიმე ვიზიტს მოითხოვს. მათ შესარჩევად იყენებენ როგორც სტანდარტულ, ისე სპეციალურ ოფთალმოლოგიურ მეთოდებსაც, მაგალითად, კერატოტოპოგრაფიას.
მიოპიის პროგრესირების შესაჩერებლად ორთოკერატოლოგიური ლინზები ენიშნებათ უმთავრესად 6–დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს,
ღამის ლინზები გამოიყენება არა მარტო მიოპიის, არამედ ასტიგმატიზმისა და ჰიპერმეტროპიის (შორსმხედველობის) კორექციისთვისაც.
ორთოკერატოლოგიური ლინზებით მხედველობის კორექცია უკუნაჩვენებია თვალისა და მისი დანამატების ანთებითი დაავადებების, რქოვანა გარსის პათოლოგიების ,გადატანილი რეფრაქციული ოპერაციების, მკვეთრად გამოხატული მშრალი თვალის სინდრომის დროს.
ორთოკერატოლოგიური ლინზების მოვლა და ჰიგიენა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ზედმიწევნით უნდა შესრულდეს რეკომენდაციები, რომლებსაც ექიმი ამის შესახებ გასცემს.