დეპრესია (გუნება-განწყობილების აშლილობა)
დეპრესიული აშლილობა ძლიერი სევდის განცდაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ყოველდღიურ ყოფასა და საქმიანობაზე. ის შეიძლება გამოიწვიოს უკანასკნელი ხანების დანაკარგმა ან სამწუხარო მოვლენამ, ამასთან, განცდის სიღრმე და ხანგრძლივობა აღემატება გამომწვევი მოვლენის მნიშვნელობას.
- ზოგჯერ ხელს უწყობს მემკვიდრეობა, მედიკამენტის გვერდითი ეფექტები, სტრესული მოვლენები, ამა თუ იმ სახის დისბალანსი სხეულში და სხვა ფაქტორები;
- დეპრესიის გამო ინდივიდი შეიძლება დასევდიანდეს, მოდუნდეს ან შფოთვა და შიში დაეწყოს;
- დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს;
- ანტიდეპრესანტები, ფსიქოთერაპია და, ზოგჯერ, ელექტროკრუნჩხვითი თერაპია შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს.
შფოთვის შემდეგ დეპრესია ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა. პირველადი ჯანდაცვის ექიმთან ვიზიტზე მისული პაციენტების 30%-ს დეპრესიის სიმპტომები აქვს, თუმცა მხოლოდ ზოგიერთ მათგანს თუ ჰქონია დეპრესიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი. დეპრესია ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს (მათ შორის ბავშვობაში), თუმცა დაწყების ალბათობა მნიშვნელოვნად მატულობს გარდატეხის, 20 ან 30 წლის ასაკში. როგორც ჩანს, მე-20 საუკუნეში დაბადებულ ადამიანებს შორის დეპრესიის და სუიციდის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე წინა თაობაში, რაც, ნაწილობრივ, წამალდამოკიდებულების სიხშირის ზრდით აიხსნება. არანამკურნალები დეპრესიის ეპიზოდი, ჩვეულებრივ, 6 თვე გრძელდება, მაგრამ ზოგჯერ ორ წელზე მეტხანს შეიძლება გასტანოს. სიცოცხლის მანძილზე დეპრესია, როგორც წესი, რამდენჯერმე მეორდება.
მიზეზები
დეპრესიის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მრავალი ფაქტორი ზრდის დეპრესიის განვითარების ალბათობას. მათ შორისაა ოჯახური მიდრეკილებები (მემკვიდრეობა), ზოგიერთი მედიკამენტების გვერდითი ეფექტი და ემოციური სტრესი, განსაკუთრებით, დანაკარგთან დაკავშირებული. დეპრესია არ არის ხასიათის სისუსტის ან პიროვნული აშლილობის, ბავშვობაში მიღებული ტრავმის ან ცუდი აღზრდის გამოხატულება. დეპრესია შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს ყოველგვარი აშკარა ან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული სირთულეების გარეშე.
გენეტიკური დეფექტების მონაწილეობა სავარაუდოა, ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ ნეიროტრანსმიტერების – ნერვულ უჯრედებში ინფორმაციის გადამტანი ნივთიერებების – ფუნქციაზე. სეროტონინი, დოფამინი და ნორეპინეფრინი სწორედ ის ნეიროტრანსმიტერებია, რომლებიც მონაწილეობენ დეპრესიის განვითარებაში.
სოციალური მდგომარეობა, რასა, კულტურა, როგორც ჩანს, არ მოქმედებს დეპრესიის განვითარების ალბათობაზე, სქესისგან განსხვავებით. ამ უკანასკნელის გავლენა დეპრესიის სიხშირეზე ეჭვს არ იწვევს. ქალებს შორის დეპრესია ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებს შორის; ამ განსხვავების მიზეზი ბოლომდე ნათელი არ არის. ფიზიკური ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ჰორმონები, რომლების დონის მერყეობამ გუნება-განწყობილების ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ეს ქალებში ხდება მენსტრუაციის წინ და მშობიარობის შემდეგ. განწყობილებაზე ზეგავლენის მქონე ფერმენტების დონე ქალის ორგანიზმში შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგია, რომელიც ქალებში საკმაოდ გავრცელებულია, შეიძლება ასევე სარისკო ფაქტორი იყოს.
ხანმოკლე დეპრესიის დროს ადამიანები დროდადრო სევდიანი განწყობილებით რეაგირებენ გარკვეულ სიტუაციებზე:
- დღესასწაულები (დღესასწაულის სევდა)
- მნიშვნელოვანი თარიღების ყოველწლიური აღნიშვნა, როგორიცაა საყვარელი ადამიანის გარდაცვალება
- მენსტრუაციის წინ (პრემენსტრუაციული სინდრომი; თუ მძიმე დეპრესიაა, პრემენსტრუაციული დისფორიული აშლილობა)
- მშობიარობის მომდევნო 2 კვირა (მშობიარობის შემდგომი სევდა ან, თუ დეპრესია მძიმეა, მშობიარობის შემდგომი დეპრესია)
მოხსენიებული რეაქციები ნორმალურია და არ იწვევს მძიმე, ხანგრძლივ დეპრესიას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ინდივიდი მიდრეკილია დეპრესიისკენ. დეპრესია შეიძლება თან ახლდეს სომატურ დაავადებას ან გამოწვეული იყოს სომატური დაავადებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დეპრესია შეიძლება ფიზიკური დაავადების უშუალო შედეგი იყოს (მაგალითად, როცა ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გავლენას ახდენს ჰორმონების დონეზე) ან მისი არაპირდაპირი შედეგი (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტით გამოწვეული ტკივილი და შესაძლებლობების შეზღუდვა). ხშირად სომატური დაავადება ერთდროულად უშუალოდ და გაშუალებულად იწვევს დეპრესიას. მაგალითად, შიდსი დეპრესიას უშუალოდ იწვევს, რადგან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი თავის ტვინს აზიანებს. ამავე დროს, შიდსით დაავადებულს დეპრესია შეიძლება განუვითარდეს ავადმყოფობის მის ცხოვრებაზე უარყოფითი ზეგავლენის საპასუხოდ.
ექიმის მიერ დანიშნულმა ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს. გაურკვეველი მიზეზით ორგანიზმში კორტიკოსტეროიდების ჭარბი რაოდენობით გამომუშავება (მაგალითად, კუშინგის სინდრომის დროს) ხშირად დეპრესიას იწვევს, კორტიკოსტეროიდების მედიკამენტის სახით მიღება კი უმეტესწილად ჰიპპომანიას, იშვიათად მანიას იწვევს. ზოგჯერ მედიკამენტის მიღების შეწყვეტა ხდება დეპრესიის მიზეზი.
ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობა, სახელდობრ, გარკვეული შფოთვითი აშლილობა, ალკოჰოლიზმი, წამალდამოკიდებულება და შიზოფრენია დეპრესიისადმი მიდრეკილების საფუძველი შეიძლება გახდეს. მაღალია დეპრესიის გამეორების ალბათობა იმ პირებში, ვისაც უკვე ჰქონდა დეპრესია.
სიმპტომები
სიმპტომები, როგორც წესი, მრავალფეროვანია და თანდათანობით ვითარდება – დღეების და კვირების განმავლობაში. დეპრესიული პიროვნება მოდუნებული და სევდიანი ან მშფოთვარე და გაღიზიანებული შეიძლება იყოს. ბევრი მათგანი მოკლებულია ემოციებს, მათ შორის მწუხარებას, სიხარულს, სიამოვნებას. უკიდურეს შემთხვევებში სამყარო უფერული და უსიცოცხლო ხდება. ეს პაციენტები შეპყრობილნი არიან საკუთარი თავის დადანაშაულების, თვითდამცირების ფიქრებით და არ შეუძლიათ კონცენტრირება. ისინი შეიძლება გრძნობდნენ სასოწარკვეთილებას, მარტოობას და ჰქონდეთ დაბალი თვითშეფასება. დეპრესიული პიროვნება ხშირად გაუბედავი და განმარტოებულია, იმედგაცრუებული და უსუსურია, ფიქრობს სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე.
სიმპტომები იცვლება დეპრესიის ტიპის მიხედვით:
- კატატონიური დეპრესია: პაციენტი განმარტოებულია, აზროვნება, მეტყველება და ზოგადი აქტივობა შეიძლება მკვეთრად შენელდეს და საერთოდ შეწყდეს. არ შეუძლია იზრუნოს საკუთარ ბავშვებზე, შინაურ ცხოველებზე, საკუთარ თავზე. ზოგიერთი პაციენტი იმეორებს სხვების მიმიკას, ფრაზებს (ექოლალია) ან მოძრაობებს (ექოპრაქსია).
- მელანქოლიური დეპრესია: პაციენტი ვეღარ იღებს სიამოვნებას იმ საქმიანობებისგან, რომლებიც ადრე სიხარულს ანიჭებდა; ძირითადად მოწყენილი, სევდიანი და განმარტოებულია; ცოტას ლაპარაკობს, საკვებს არ იღებს და წონაში იკლებს; სახეზე არანაირი ემოცია არ აქვს გამოხატული, ზოგჯერ თავს ზომაგადასულად ან უმართებულოდ იდანაშაულებს.
- ფსიქოზური დეპრესია: პაციენტებს აქვთ მცდარი აზრები (ბოდვა), ჰგონიათ, რომ ცოდვა ან დანაშაული ჩაიდინეს, ან უკურნებელი, სამარცხვინო სენი აქვთ, ან მათ უთვალთვალებენ და სდევნიან; შეიძლება ჰქონდეთ სმენითი ჰალუცინაციები – ესმით, რომ მათ ადანაშაულებენ ან მათ საქციელს გმობენ; იშვიათად წარმოიდგენენ, რომ ხედავენ კუბოებს ან გარდაცვლილ ნათესავებს.
- ატიპური დეპრესია: პაციენტებს გამოხატული აქვთ შფოთვა და შიში (განსაკუთრებით საღამოს). მადა გაძლიერებულია, წონაში იმატებენ, დასაწყისში უძილობა აქვთ, შემდეგ სულ უფრო და უფრო დიდხანს სძინავთ. სასიამოვნო მოვლენები ზოგჯერ ამხიარულებთ, მტკივნეულად განიცდიან კრიტიკას და უარს (უარის მიმართ სენსიტიურობა). ზოგიერთი პაციენტი აჟიტირებულია და მოუსვენარი – ხელებს იმტვრევს, განუწყვეტლივ ლაპარაკობს.
დეპრესიული პაციენტების უმეტესობა ძნელად იძინებს, ხშირად იღვიძებს, განსაკუთრებით გამთენიისას. ცუდმა მადამ და წონის დაკარგვამ შეიძლება გამოფიტვა გამოიწვიოს, ქალებში – მენსტრუაციის შეწყვეტა. თუმცაღა მსუბუქი დეპრესიის დროს ხშირია მადის გაძლიერება და წონაში მატება.
ზოგჯერ დეპრესიით შეპყრობილი პაციენტი ფიქრობს, რომ სომატური დაავადება აქვს და ტკივილებს უჩივის, ზოგს უბედურების ან გაგიჟების ეშინია. სხვები წუხან, რომ უკურნებელი ან სამარცხვინო სენი სჭირთ, მაგალითად, სიმსივნე ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადება და ეშინიათ, რომ სხვებს გადასდებენ.
https://merki.mkurnali.ge/sections/968/depresia/