იცით რომ პულსის გაზომვის დროს, შეიძლება ავადმყოფის პულსის ნაცვლად საკუთარი პულსი დაითვალოთ? ან, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, საძილე არტერიაზე პულსის დათვლისას შეიძლება რეფლექსურად გულის გაჩერება გამოიწვიოთ?
ამიტომ, პულსის გაზომვა – ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციების შეფასების ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი პროცედურა, სწორად უნდა ჩაატაროთ.
პულსი გულის შეკუმშვისას არტერიაში სისხლის ტალღის ბიძგია, რომელიც იწვევს სისხლძარღვის კედლის რხევას. რაოდენობრივად, ნორმალურ შემთხვევაში, პულსის სიხშირე შეესაბამება გულისცემის სიხშირეს.
პულსის სიხშირე განსხვავდება სხვადასხვა ასაკში:
ახალშობილი 130-140/წუთში;
ერთი წლის ასაკში 110 -130/წუთში;
14 წლის ასაკში 80-85/წუთში;
მოზრდილი 66-76/წუთში;
პულსის დასათვლელად დაგჭირდებათ წამზომი.
პულსი ადამიანს შეგიძლიათ დაუთვალოთ, 10-15 წუთიანი მოსვენების მდგომარეობის შემდეგ, როგორც მწოლიარე, ასევე მჯდომარე პოზიციაში.
პულსი ითვლება იმ ადგილებში, სადაც არტერიები ზედაპირულადაა განლაგებული. ყველაზე მოსახერხებელია მაჯასთან, სხივის არტერიაზე ან კისერზე, საძილე არტერიაზე. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გაიზომოს საზარდულში, მუხლის ან ტერფის შიდა ზედაპირზე.
მარჯვენა ხელის სამი თითის (საჩვენებელი, შუათანა და უსახელო) წვერი ფრთხილად დააჭირეთ სხივის არტერიის გასწვრივ – იდაყვის შიდა ზედაპირზე, მაჯის სახსრის ქვემოთ, ცერა თითის გაყოლებაზე კუნთსა და მყესს შორის, სანამ არ შეიგრძნობთ პულსს. თუ პულსს ზომავთ კისრის წინა ზედაპირზე, საძილე არტერიაზე – თითის წვერები უნდა მოათავსოთ ხორხსა და კისრის გვერდით, კუნთებს შორის.
გაზომვისას ძლიერად არ დააწვეთ არტერიას, განსაკუთრების კისერზე, საძილე არტერიაზე პულსის გაზომვისას, რადგან ძლიერი ზეწოლისას, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, შეიძლება რეფლექსურად გულის ხანმოკლე გაჩერება გამოიწვიოთ.
გაზომვისთვის არ გამოიყენოთ ცერა თითი, რადგანაც ამ დროს შეიძლება შეიგრძნოთ საკუთარი პულსი.
პულსი ითვლება ერთი წუთის განმავლობაში.
შესაძლოა დათვლისას შეამჩნიოთ ცვლილებები: არათანაბარი პულსი, შენელებული ან აჩქარებული პულსი, რის შესახებაც აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს.
თუ პულსი ძალიან სუსტია, გახსოვდეთ, რომ შეიძლება საკუთარი პულსი დათვალოთ.