რა უნდა ვიცოდეთ გულის უკმარისობს შესახებ

ეს არის სინდრომი, რომლითაც შესაძლოა დასრულდეს მრავალი კარდიოლოგიური პათოლოგია. მიუხედავად მრავალი მიზეზისა, გულის უკმარისობის დროს ორგანიზმში ერთნაირი ცვლილებები ვითარდება – ქვეითდება გულის შეკუმშვის უნარი, მცირდება ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება, სისხლი ორგანოებსა და ქსოვილებში გუბდება.

მიმდინარეობისა და კლინიკური გამოვლინების მიხედვით, განასხვავებენ გულის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას. ქრონიკული  უკმარისობა ნელა, პროგრესულად მიმდინარეობს, სიმპტომები თანდათან ხდება შესამჩნევი, მწვავე უკმარისობის სურათი კი უეცრად, ძალიან სწრაფად ვითარდება. ხშირად ის ქრონიკული უკმარისობის ფონზეც აღმოცენდება. იმის მიხედვით, გულის რომელი ნაწილია დაზიანებული უფრო მეტად, განასხვავებენ მარცხენა და მარჯვენაპარკუჭოვან უკმარისობას. მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობისას მთავარი კლინიკური ნიშანია ქოშინი, ხოლო მარჯვენაპარკუჭოვანისას – ქვემო კიდურების შეშუპება.

როგორ ვლინდება გულის უკმარისობა ?

როგორც ვთქვით, უკმარისობის დროს გულის შეკუმშვის უნარი ქვეითდება, ის აორტაში უფრო ნაკლებ სისხლს გადაისვრის, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის გული. შედეგად მის ღრუებში წნევა იმატებს, სისხლი, რომლის გადატყორცნაც გულმა ვერ უზრუნველყო, გროვდება ვენებში, რომლებიც ამ სიტუაციაში ერთგვარი დეპოს ფუნქციას ასრულებენ. ორგანიზმში მომხდარი ცვლილებები სათანადო კლინიკური ნიშნებით ვლინდება. ეს ნიშნებია:

შარდის ოდენობის შემცირება, ღამით შარდვის გახშირება.

უნდა ითქვას, რომ გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი, მათ შორის – ისეთი კლასიკური ნიშნებიც კი, როგორებიც არის ადვილად დაღლა, გულის აჩქარება, ქვემო კიდურების შეშუპება და ფილტვებში სისხლის შეგუბებისთვის დამახასიათებელი ხიხინი, საკმაოდ ხშირია სხვა დაავადებების დროსაც. ამიტომ მხოლოდ კლინიკური გამოვლინების მიხედვით გულის უკმარისობის დიაგნოსტიკა გაძნელებულია.  ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ კარდიოლოგს შეუძლია პაციენტის გასინჯვისა და კვლევის სპეციალური მეთოდების მეშვეობით, რომელთა შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი.

რა მიზეზით შეიძლება განვითარდეს  გულის უკმარისობა ?

გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებათა  შორის  გ.უ- ის გამომწვევი უფრო ხშირი მიზეზი მაინც გულის იშემიური დაავადებაა – პათოლოგია, რომლის დროსაც გულის მკვებავი გვირგვინოვანი სისხლძარღვები ათეროსკლეროზის შედეგად ვიწროვდება და გულის კუნთს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია არტერიული ჰიპერტენზია ანუ ჰიპერტონიული დაავადება.

განსაკუთრებით მაღალია გულის უკმარისობის განვითარების რისკი, როცა პაციენტს წნევა წლების განმავლობაში აქვს მომატებული, მაგრამ არ მკურნალობს და წნევის მაჩვენებელიც სტაბილურად მაღალია. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების შერწყმა. გულის უკმარისობა გულის მანკის გამოც ვითარდება. გულის მანკის დროს შეცვლილია გულის სარქვლების აგებულება, რაც არღვევს ამ ორგანოში სისხლის მიმოქცევას, იწვევს მისი კამერების ცვლილებას და საბოლოოდ გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის მოშლას.

მიოკარდიტი ანუ გულის კუნთის ანთება, კარდიომიოპათია, ზოგიერთი ჰორმონული დარღვევა (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, შაქრიანი დიაბეტი) ასევე შეიძლება გულის უკმარისობის მიზეზი გახდეს. ხშირად პაციენტებში , რომელსაც აღნიშნული პათოლოგიები აქვს, გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა მწვავდება   სასუნთქი გზების ინფექციის (ბრონქიტი ან ფილტვების ანთება) ფონზე , რაც ამ დროს გულის გადატვირთვასთან არის დაკავშირებული.