მსოფლიოში კოვიდ19-ით დაღუპულთა შორის უმრავლესობა ხანდაზმულია, თუმცა სიკვდილიანობის რისკის შემცირების შესაძლებლობას თანამედროვე, დიაგნოსტიკური სამედიცინო ხელსაწყო გვაძლევს. ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დღე“ ამერიკელმა ექიმმა რიჩარდ ლევიტანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ექიმებისთვის ძალიან ნაცნობი ნივთია, რომელიც განკუთვნილია სისხლში ჟანგბადის მოცულობის გასაზომად.
„კლინიკებში ოქსიმეტრს უკვე ათწლეულებია იყენებენ – ეს ძალიან პატარა და მარტივიხელსაწყოა, რომლის გამოყენება ნებისმიერს შეუძლია. პორტატული და საკმაოდ იაფფასიანი პულსის ოქსიმეტრები კოვიდ19-ით დაავადებულთათვის ძალიან საჭირო ინსტრუმენტია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სახლში მკურნალობს. ჟანგბადის დონის კონტროლი და ექიმთან ერთად ცვლილების მონიტორინგი, შესაძლოა, ბევრი გართულების თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს“, – აღნიშნავს ექიმი.
რიჩარდ ლევიტანი თერმომეტრსა და წნევის აპარატთან ავლებს პარალელს.
„ბავშვობიდან ვსწავლობთ, რომ მაღალი სიცხე ნიშნავს ავადმყოფობას, მას ვზომავთ და ეს ძალიან მარტივი პროცედურაა. თერმომეტრი აბსოლუტურად ყველა ოჯახშია.
ასევე, თითქმის ყველა ოჯახშია წნევის საზომი აპარატები, რათა ადამიანებმა წნევის ცვლილებაზე დაკვირვება და ჰიპერტენზიის მართვა შეძლონ.
ადამიანი ვერ იქნება მუდმივად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წნევისა და სიცხის შესახებ, ექიმისთვის ძალიან ღირებულია მდგომარეობის სწორად შესაფასებლად. პულსის ოქსიმეტრი ამ ორ ხელსაწყოსთანშედარებით კიდევ უფრო მარტივად გამოსაყენებელია, გაზომვას დაახლოებით ოცი წამი სჭირდება – ჩვენ ვიგებთ პულსსა და ჟანგბადის სატურაციას.
ამჟამად, ოქსიმეტრები საკმაოდ დეფიციტურია, რადგან მათი მნიშვნელობა კოვიდ19-ის დიაგნოსტირებისა და მონიტორინგისთვის მსოფლიოში ნელ-ნელა ცხადი ხდება. მჯერა, რომ ერთ-ორ წელიწადში, ამ ნივთს მასიურად გამოიყენებენ. ეს საზოგადოების ჯანმრთელობაზე აუცილებლად კარგად აისახება“, – განაცხადა ამერიკელმა ექიმმა.
მან პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ პანდემიის პიკის დროს, პაციენტთა უმრავლესობას, რომელიც ნიუ-იორკის კლინიკებში მოხვდა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ორგანიზმში ჟანგბადის ძალიან დაბალი დონე ჰქონდა.
„ბევრს შემოყვანისთანავე ვაერთებდით ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, მაგრამ თუ შევცვლით ამ დაავადების დიაგნოსტირებისა და მეთვალყურეობის მეთოდებს, თუ შევძლებთ, გამოვიჭიროთ ის მომენტი, როდესაც სატურაციის დონე მათ ორგანიზმში კლებას იწყებს – 94-ს ქვემოთ ჩამოდის და გვიჩვენებს 90-ს, ან 89-ს, მათი ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა გაცილებით ეფექტური და წარმატებული იქნება. მე ვიცი მაგალითები, როდესაც სახლში ჟანგბადის მონიტორინგით, ადამიანებმა შემდგომი გართულებები აიცილეს თავიდან, რადგან დროულად მიმართეს ექიმს და არც ხელოვნური სუნთქვის აპარატები დასჭირდათ“, – განაცხადა რიჩარდ ლევიტანმა.
ამერიკელმა ექიმმა იტალიაში ჩატარებულ ახალი კვლევის შედეგებზეც ისაუბრა, რომელშიც 250 პაციენტი მონაწილეობდა.
„მათ ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდათ, ექიმებმა ყველა სახლში გაუშვეს, თუმცა აუცილებელი პირობა იყო პულსის ოქსიმეტრით ჟანგბადის სისტემატური კონტროლი, 20-დან ერთი პაციენტი საავადმყოფოში დაბრუნდა მაშინ, როდესაც ორგანიზმში ჟანგბადის დონემ ვარდნა დაიწყო. უკლებლივ ყველა გადაურჩა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებას და ამ 250 ადამიანიდან არც ერთი არ დაღუპულა.
სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ პნევმონიის ადრეული დიაგნოსტირებით შეგვიძლია, ძალიან დიდი სასიკეთო ცვლილება შევიტანოთ კოვიდ-19-ის მკურნალობაში“, – აღნიშნა ექიმმა.
რიჩარდ ლევიტანს სჯერა, რომ საავადმყოფოში მოთავსებული სამი პაციენტიდან, ორის მკურნალობა ხელოვნური სუნთქვის აპარატების გარეშეა შესაძლებელი.