დაბალი არტერიული წნევა დაავადების აღწერა
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) ზოგიერთი პაციენტისთვის სასურველი მდგომარეობაა, თუმცა, დაბალი წნევა იწვევს თავბრუსხვევისა და გონების დაკარგვის სიმპტომებს. მძიმე შემთხვევებში, დაბალი არტერიული წნევა სიცოცხლისათვის საშიშია.
არტერიული წნევა ინდივიდუალური მაჩვენებელია და ხშირად განსხვავდება პაციენტებში. ჰიპოტენზია ნიშნავს სისტოლური წნევის (პირველი რიცხვი) 90 (მმ/ვერცხლისწყლის სვეტით)–ზე დაბალ მაჩვენებელს, ხოლო დიასტოლური წნევის (მეორე მაჩვენებელი) 60 (მმ/ვს)–ზე დაბალ რიცხვს.
ჰიპოტენზიის მიზეზები შესაძლოა იყოს გაუწყლოება, სამედიცინო დაავადებები ან ქირურგიული გართულებები. ჰიპოტენზიის მკურნალობა შესაძლებელია. მნიშვნელოვანია ზუსტი მიზეზის განსაზღვრა.
გამომწვევი მიზეზი
სისხლის წნევა ზომავს არტერიებში არსებულ წნევას, აქტიური და მოსვენების ფაზების დროს, გულის შეკუმშვისას. წნევის აღმნიშვნელი რიცხვების მნიშვნელობაა:
- სისტოლური წნევა. პირველი რიცხვი განპირობებულია გულის შეკუმშვისას (სისხლის გადმოსროლა მთელ ორგანიზმში) არტერიებში განვითარებული წნევით.
- დიასტოლური წნევა. მეორე რიცხვი განპირობებულია არტერიებში არსებული წნევით, რომლის დროსაც შეკუმშვა არ ხდება და გული ისვენებს შეკუმშვებს შორის.
თანამედროვე გაიდლაინით, ნორმალური წნევა 120/80 მმ/ვს–ია.
არტერიული წნევა სწრაფად იცვლება. ცვლილება შესაძლოა დროის მცირე მონაკვეთშიც მნიშვნელოვანი იყოს, ზოგჯერ ერთი შეკუმშვიდან მეორემდე. მნიშვნელოვანია სხეულის პოზიცია, სუნთქვის რითმი, სტრესის დონე, ფიზიკური მდგომარეობა, მიღებული მედიკამენტები, მიღებული საკვები და სასმელი, დღის მონაკვეთები. არტერული წნევა ძირითადად ყველაზე დაბალია ღამით და სწრაფად იმატებს გაღვიძებისას.
ჰიპოტენზია– რამდენად დაბალი შეიძლება იყოს წნევა?
ჩვენება, რომელიც ჰიპოტენზიაა უმეტესი პაციენტებისათვის, შესაძლოა ნორმალური იყოს სხვისთვის. ექიმები თვლიან, რომ ჰიპოტენზია პათოლოგიურია თუ იწვევს შესამჩნევ სიმპტომებს.
ზოგიერთი ექსპერტი ჰიპოტენზიის კლასიფიცირებისას წნევის ნორმებს გამოყოფს, როგორც სისტოლური– 90–ზე დაბალი და დიასტოლური 60–ზე დაბალი. შესაძლოა მხოლოდ ერთი რიცხვი იყოს ნორმაზე უფრო დაბალი და ჰიპოტენზია გქონდეთ. მაგალითად, თუ სისტოლური წნევა 115–ია, მაგრამ დიატოლური–50, მდგომარეობა მაინც პათოლოგიურია.
წნევის სწრაფი დაქვეითება შესაძლოა საშიშიც იყოს. მაგალითად, 20 მმ/ვს ცვლილება– სისტოლური 110–დან 90ზე ჩამოსვლა, შესაძლოა გახდეს თავბრუსხვევის, გულის წასვლის მიზეზი, რადგან ტვინს არ მიეწოდება სისხლის ადეკვატური რაოდენობა.
მძაფრი ცვლილებები, რომელთაც უკონტროლო სისხლდენა, მძიმე ინფექცია ან ალერგიული რეაქციები იწვევს, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიშია.
ათლეტები და ადამიანები, რომლებიც ხშირად ვარჯიშობენ, ატარებენ უფრო დაბალ წნევასა და დაბალ პულსს, ვიდრე სხვები. ზოგადად, არამწეველები და ჯანსაღი კვების მიმდევარნი ნორმალურ წნევას ინარჩუნებენ.
იშვიათ შემთხვევებში, დაბალი წნევა სერიოზული, მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში პრობლემის მანიშნებელია.
დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ ჰიპოტენზიას
ზოგიერთი დაავადება ან მდგომარეობა იწვევს ჰიპოტენზიას. ესენია:
- ორსულობა. რადგანაც ქალის სისხლძარღვოვანი სისტემა ფართოვდება ორსულობის დროს, სისხლის წნევა იკლებს. ეს ნორმალურია, წნევა მანამდე არსებულ ნორმას უბრუნდება მშობიარობის შემდეგ.
- გულის დაავადებები. ზოგიერთი დაავადება იწვევს ჰიპოტენზიას. მაგ.: ბრადიკარდია (შემცირებული პულსი), სარქველების პრობლემები, ინფარქტი, გულის უკმარისობა.
- ეს მდგომარეობები იწვევენ ჰიპოტენზიას, რადგან გული ვეღარ ტუმბავს საკმარის სისხლს ადეკვატური შეკუმშვით.
- ენდოკრინული პრობლემები. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ასევე ფარისებრახლო ჯირკვლის დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (ადისონის დაავადება), დაბალი შაქარი სისხლში (ჰიპოგლიკემია) და ზოგჯერ, დიაბეტიც, იწვევს დაბალ წნევას.
- გაუწყლოება. როცა გაუწყლოებული ხართ, ორგანიზმი კარგავს მეტ სითხეს, ვიდრე იღებს. მსუბუქი გაუწყლოებაც კი იწვევს თავბრუსხვევას, სისუსტესა და დაღლილობას. ცხელება, ღებინება, ძლიერი დიარეა, შარდმდენების გამოყენება და ვარჯიში შესაძლოა გახდეს გაუწყლოების მიზეზი.
- ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა ჰიპოვოლემიური შოკი– სიცოცხლისათვის საშიში გართულება. შოკი იწყება, როცა სისხლის მოცულობა უცაბედად მცირდება, რაც იწვევს წნევის სწრაფ შემცირებას და ქსოვილებამდე ვეღარ მიდის საკმარისი კონცენტრაციის ჟანგბადი. მკურნალობის გარეშე, ჰიპოვოლემიური შოკი იწვევს სიკვდილს წუთების ან საათების შემდეგ.
- სისხლის დაკარგვა. დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, ჭრილობის ან შინაგანი სისხლდენის გამო, ამცირებს ორგანიზმში სისხლის მოცულობას და იწვევს წნევის შემცირებას.
- მძიმე ინფექცია (სეფსისი). სეფსისი ვითარდება, როცა ინფექცია აღწევს სისხლში. ეს მდგომარეობა რთულდება სიცოცხლისათვის საშიში შემცირებით არტერიული წნევის მაჩვენებლებში, რომელსაც სეპტიური შოკი ეწოდება.
- ძლიერი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია). ანაფლაქსია მძიმე და პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციაა. ხშირი გამომწვევი მიზეზებია საკვები, მედიკამენტები, მწერები, ლატექსი. ანაფილაქსია იწვევს სუნთქვით პრობლემებს, გამონაყარს, ქავილს, ხახის შესიებასა და წნევის შემცირებას.
- საკვები ნივთიერებების ნაკლებობა. ვიტამინი B 12–ისა და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა იწვევს ანემიას (ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით სისხლის წითელ უჯრედებს), რაც იწვევს არტერიული წნევის შემცირებას.