გოგრა 1

გვარი Cucurbita აერთიანებს რამდენიმე სახეობის გოგრას, აქედან მთელ მსოფლიოში უპირატესად გავრცელებულია გოგრის სამი სახეობა: მაგარკანიანი (C. pepo L.), დიდნაყოფა (C. maxima Duch.) და მუსკატური (C. moschata Duch).

მაგარკანიანი ანუ ხოკერა გოგრა წარმოშობილია ცენტრალური ამერიკის მთიან რაიონებში. მას გოგრის სხვა სახეობებთან შედარებით ჩვენში ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს და მრავალგვარობით არის წარმოდგენილი.

მის მრავალფეროვნებას განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში აქვს ადგილი, სადაც ეს სახეობა სხვადასხვა სახელით არის ცნობილი: „ხოკერა-კვახი“ (იმერეთი), „ხაპერა“ (გურია), „ხოპეშია“ (სამეგრელო), საღორე კვახი (რაჭა), „კვახნეს“ (სვანეთი).

მაგარკანიან გოგრას ეკუთვნის აგრეთვე ყაბაყი, პატისონი და კრუკნეკი, ჩვეულებრივი გოგრისაგან განსხვავებით მათ ნაყოფებს ტექნიკურ სიმწიფეში იყენებენ საჭმელად.

დიდნაყოფა გოგრა სამხრეთ ამერიკის სტეპიან რაიონებში წარმოშობილი მცენარეა, საიდანაც გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში და აფრიკაში. ის ყველა ბაღჩეულზე უფრო მრავალფეროვანი და პლასტიკურია, მისი გავრცელების არეალში შედის ფინეთი და შვედეთი.

ქართლ-კახეთში მას თათრულ გოგრას უწოდებენ, იმერეთში, რაჭაში და ლეჩხუმში თათრულ კვახს, გურიაში ხაპს, სამეგრელოში კოპეშიას.

მუსკატური გოგრა ცნობილია თაფლა-გოგრის, ხურჯინა გოგრის და ბორჩალოური გოგრის სახელწოდებით.

საჭმელად იყენებენ გოგრის მწვანე ნაყოფებს. მისგან ამზადებენ შემწვარ და მოხარშულ კერძებს, ფაფებს, ხილფაფას, მურაბას, ჯემს, მარინადებს, პიურეს, წვენს. ჩვენში ზოგან გოგრის ჭყინტ ნაყოფს მთლიანად, გაუწყვეტელ თხელ ფენებად ჭრიან და ისე ახმობენ, რასაც კვახიწელას უწოდებენ.

გოგრის თესლს ნამცხვრებისა და ჩურჩხელების დასამზადებლად იყენებენ, მოხალულს კი მზესუმზირასავით შეექცევიან. გოგრის თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმს (58 %-მდე), აგრეთვე საანტონინს, რომელიც პარაზიტი ჭიების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა.

გოგრის მწიფე ნაყოფი 92-94 % წყალს შეიცავს. დარჩენილი მშრალი ნივთიერება შემდეგნაირად ნაწილდება: შაქრები 2-6 %, აზოტოვანი ნოვთიერებები 0,3- 1,0 %, მჟავები 0,05-0,8 %, ნაცარი 0,4-0,8 %.

გოგრა მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით კაროტინით (16-17-დან 38 მგ%), აგრეთვე ვიტამინებით C, B1, B2, E. იგი ძვირფასი დიეტური და სამკურნალო პროდუქტია. რეკომენდებულია ავადმყოფებისთვის, რომლებსაც აწუხებთ თირკმელები, კუჭი და სისხლძარღვები.

იოლოგიური თავისებურება

გოგრა ერთწლოვანი მხოხავი ან მხვიარა, გაყოფილ სქესიანი, ერთსახლიანი, ჯვარედინმტვერია მცენარეა. თესლი სახეობის მიხედვით განსხვავებულია, ბრტყელია, ოვალური ფორმის, დიდი ზომის; კანი სქელი ან უკანო, მცირედ ან მკვეთრად გამოხატული არშიით ან საერთოდ მის გარეშე.

თესლი შეიძლება იყოს თეთრი, მოყვითალო-თეთრი, მიხაკისებური-თეთრი, მორუხო-თეთრი. აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 6-8 წელი.

აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა, რომელიც შედგება ნიადაგში 1-1,7 მ ჩაღრმავებულ მთავარღერძა ფესვისა და გვერდით, დამატებითი ფესვებისაგან. მათი ძირითადი ნაწილი განლაგებულია 40-50 სმ სიღრმეზე, ცალკეულ ფესვებს კი შეუძლიათ გავრცელდნენ 4-5 მ სიღრმეზე.

ჰორიზონტალური გვერდითი ფესვები ღეროდან 4-5 მ რადიუსით ვრცელდება. ერთი მცენარის ფესვების საერთო სიგრძე 25კმ-ს აღწევს, ზოგჯერ მცენარის ფესვთა სისტემა 12მმოცულობის მიწას იკავებს.

ღერო გრძელი 4-5მ და უფრო მეტ სიგრძეს აღწევს, რომლისგანაც იწყება პირველი, მეორე და მომდევნო რიგის განტოტვა. გვხვდება ბუჩქისებური ფორმებიც, რომლებსაც აქვთ კომპაქტური დაბუჩქული ღერო (ყაბაყი, პატისონი), ფოთლები დიდი ზომისაა 25სმ სიგანეში, გრძელი ყუნწებით.

პირველი ფოთლის უბეში ვითარდება ულვაშები და ყვავილები. ყვავილები დიდი ზომისაა, ცალკეულად მსხდომნი, ყვითელი ან ნარინჯისფერი. ჯიშების მიხედვით მდედრობითი ყვავილები მეტად მრავალფეროვანი ფორმისაა. გოგრის ყვავილი ენტომოფილია ძირითადად იმტვერება ფუტკრების მიერ.

გოგრას აქვს დიდი ზომის ნაყოფი, რომელიც არა მარტო დანარჩენ გოგროვნებს აღემატება, არამედ დედამიწაზე არსებულ ყველა მცენარის ნაყოფს. მისი მასა უმთავრესად 4-10 კგ-ია, მაგრამ ცალკეული ნაყოფები 100 კგ-ს აღწევს (დიდნაყოფა გოგრა).

გოგრის ფორმა და ფერი მეტად მრავალფეროვანია. ნაყოფის ფორმა შეიძლება იყოს მრგვალი, მობრტყო, ცილინდრული, ელიფსური, კვერცხისებური, ჩალმისებური, ხურჯინისებური, თეფშისებური და სხვ. ნაყოფის ზედაპირი სადაა ან დაკუთხული, დასეგმენტებული, ვარაყიანი ან უვარაყო, მეჭეჭიანი და სხვ. ფერის მიხედვით: ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, თეთრი, რუხი, მიხაკისფერი და ა.შ.

გოგრა სითბოს და ტენის მოყვარული მცენარეა. მისი თესლი გაღივებას იწყებს 13-140C-ზე, მაგრამ აღმოცენებისათვის საუკეთესო ტემპერატურაა 20-250C. სითბოსადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სიცოცხლის დასაწყისში, -10C-ზე მცენარე იღუპება.

ითესება ნიადაგის (10-12 სმ-ს სიღრმეზე) 10-13°C-მდე, ხოლო ჰაერის 15°C-მდე გათბობის შემდეგ.

ზრდისათვის აუცილებელია 13-150C- ზე მაღალი ტემპერატურა. ნაყოფების ფორმირებისას კი ოპტიმალური ტემპერატურა 25-270C-ის ფარგლებშია.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნესვთან და საზამთროსთან შედარებით გოგრა სითბოს უფრო ნაკლებად მომთხოვნია. ტენისა და ნიადაგის ნოყიერების მიმართ კი პირიქით, მათზე მეტად მომთხოვნია.

გოგრა ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობის მომთხოვნი მცენარეა. ნიადაგში ტენის ნაკლებობისას ნაყოფი გამოდის წვრილი და მიიღება მცირე მოსავალი. ტენის სიჭარბე კი ხელს უწყობს მცენარის სოკოვანი დაავადებებით დაზიანებას. მიუხედავად წყლისადმი დიდი მოთხოვნილებისა და შესაბამისად წყლის ხარჯისა, ღრმა, ტენტევად და ნაყოფიერ ნიადაგებზე, მძლავრი ფესვთა სისტემის მეშვეობით, გოგრას შეუძლია მორწყვის გარეშეც მაღალი მოსავლის მოცემა.

გოგრა სინათლის მოყვარული მცენარეა და კარგად ხარობს გაშლილ, დაუჩრდილავ, ქარებისგან დაცულ ადგილებში.

გოგრა მოითხოვს ღრმად დამუშავებულ და კარგად განოყიერებულ ნიადაგს. შემოდგომაზე ძირითადი მოხვნის დროს ჰა-ზე შეაქვთ 60-80ტ ნაკელი და კომპოსტი.

გაზაფხულზე ნიადაგის დამუშავებისას ჰა-ზე შეაქვთ 250 კგ სუპერფოსფატი, 200 კგ კალიუმის ქლორიდი. დათესვამდე ნაკვეთს ინარჩუნებენ სარეველებისგან სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში, რისთვისაც ნიადაგს 2-3-ჯერ აფხვიერებენ ფარცხით ან თოხით.

დათესვამდე ნაკვეთს ამარკერებენ, იღებენ 10-12 სმ სიღრმის ბუდნებს, რომლებსაც სახეობებისა და ჯიშების მიხედვით ერთმანეთისაგან სხვადასხვა მანძილებზე აშორებენ. ყოველ ბუდნაში 0,4-0,5 კგ ნეშომპალას ან კომპოსტს ათავსებენ.

მოვლა გამოიხატება რიგთაშორისების რეგულარულ გაფხვიერებაში, ვიდრე ბარდი მთლიანად არ შეავსებს რიგებს. ნათესებს ამეჩხერებენ ლებან, ან პირველი ნამდვილი ფოთლის წარმოქმნის ფაზაში.

პირველ გამოკვებას ატარებენ 3-5 ფოთლის ფაზაში ნაკელის წუნწუხის ან ფრინველის ნაკელის წყალხსნარზე (1:15), 30-40 გ სუპერფოსფატის და 15-20 გ კალიუმის ქლორიდის დამატებით 10 ლ წყალზე. სასუქების მოქმედების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მორწყვები ტარდება გამოკვების წინ და მის შემდეგ.

გოგრის ყველა სახეობას ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ, მაგრამ განსხვავდებიან კიდევაც, როგორც მორფოლოგიურად, ისე ბიოლოგიური თავისებურებებით და სამეურნეო მაჩვენებლებით.

„ჩვენი სოფელი“