საქართველოში გავრცელებული რამდენიმე ჯიში
საზოგადო სახელი: გოგრა
სახეობის სახელწოდება: Cucurbita maxima Duchesne
ჯიშის სახელწოდება: დიდნაყოფა გოგრა- Cucurbita maxima ‘ Didnakofa Gogra’
წარმოშობა: დასავლეთი საქართველო. გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში. აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია თათრული გოგრის სახელით, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში „თათრული კვახის“ და გურიაში „ხაპის“ სახელწოდებით.
ჯიშის დახასიათება: საგვიანო ჯიშია. ივითარებს გრძელ ლართხს და დიდ ბარდს. ღერო მსხვილი ცილინდრისებრი. ფოთოლი დიდი, ბრტყელი, თირკმლისებრი. ისხამს მრგვალ ან მობრტყო ფორმის დიდ ნაყოფს. ნასკვებს ივითარებს ძირთან ახლოს. ნაყოფის საშუალო წონა 12 კგ–ს. აღწევს, ზოგიერთისა კი 20–25 კგ-ს. ნაყოფის კანი აპკივით თხელია. ფერით მოთეთროა, ნაცრისფერი, მოვარდისფრო ყვითელი, ნარინჯისფერი და რუხი. რბილობი მკვრივია, ყვითელი ან ნარინჯისფერი. ნაყოფის ყუნწს ოდნავ ჩაღრმავებული ზოლები დასდევს. თესლი დიდია, თეთრი, სუსტად გამოსახული არშიით. უხვმოსავლიანია, საშუალო მოსავალი 40 ტ/ჰა–ზე. გამოირჩევა კარგი შენახვისუნარიანობით. სითბოსა და სინათლის დიდი მომთხოვნია.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება თესლი ინახებოდეს, კერძო კოლექციაში.
დამატებითი ინფორმაცია: გოგრის ეს ჯიში ნიადაგს უფრო მეტ მოთხოვნილებას უყენებს, ვიდრე სხვა გოგრები. ამიტომ მას უფრო ნოყიერ და სარწყავ ნიადაგზე, ან ტენით უზრუნველყოფილ ადგილზე თესავენ. აგრეთვე – პატარა ბაღჩებში, გზის ნაპირებსა და ღობის ძირას.
წყაროები: 1. ი.ფ. მაჭავარიანი, ზოგიერთიბოსტნეულ–ბაღჩეულიკულტურისაგროტექნიკადამეთესლეობააღმოსავლეთსაქართველოსპირობებში. სადისერტაციოშრომა, თბილისი, 1970 წ.
საზოგადო სახელი: გოგრა
სახეობის სახელწოდება: Cucurbita moschata Duchesne
ჯიშის სახელწოდება: ქართული 54-Cucurbita moschata ‘ Kartuli 54 ’
წარმოშობა: იმერეთის რეგიონი. წყალტუბო, დარაიონდა 1990 წელს საქართველოს ყველა ზონისათვის.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდი – აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე 152 დღეა. ყვავილი დიდი, ერთსახლიანი და ერთსქესიანია. მთავარ ღეროზე მდედრობითი ყვავილთა რაოდენობაა 2–3, პირველი რიგის ყლორტებზე – 5–7, მეორე რიგისაზე კი – 4–6 ჯვარედინმტვერიაა. ღერო მხვიარა, ფოთოლი თირკმლის ფორმის, სუსტად დანაკვთული, ფოთლის ფირფიტა ფართოა, სიგრძით 23 სმ. სიგანით 33 სმ, შეფერილობა მუქიმწვანე. ნაყოფის ფორმა ნახევრად მრგვალია, სიგრძით 18 სმ, სიგანით 25 სმ. ნაყოფის მასა საშუალოდ 4,4 კგ–ია. ნაყოფის ზედაპირი ნაცრისფერია თეთრი ლაქებით, დასეგმენტებული. ნაყოფის კანი თხელია, შიგთავსი კი მოყვითალო–ოქროსფერი. ნაყოფში მშრალი ნივთიერების რაოდენობა 12–13,3 %–ია. საერთო შაქრიანობა 6,5–6,8 %. თესლი თეთრი, მსხვილი 1000 თესლის მასა 292 გრ–ია. მოსავლიანობა საკონკურსო ჯიშთაგამოცდაში 1982–1985 წლებში საშუალოდ აღწევდა 15,8 ტ/ჰა–ს. მათშორის სასაქონლო მოსავალი 12,6 ტ/ჰა–ს.
ჯიში გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს საცდელ სადგურში, ინდივიდიალური შერჩევის მეთოდით, ადგილობრივი ჯიშ–პოპულაციიდან.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცული იყოს კერძო კოლექციაში.
დამატებითი ინფორმაცია: გამძლეა დაავადებების მიმართ, სუსტად ავადდება ნაცრით და ანთრაქნოზით.
წყაროები: 1. გ. კვაჭაძე, მებოსტნეობა, თბილისი 1965 წ.
2. ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების ინსტიტუტის წყალტუბოს საცდელი სადგურის 1982 წლის სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის ანგარიში.
საზოგადო სახელი: გოგრა
სახეობის სახელწოდება: Cucurbita pepo L.
ჯიშის სახელწოდება: ხოკერა გოგრა-Cucurbita maxima ‘Khokera Gogra’
წარმოშობა: დასავლეთი საქართველო. გავრცელებულია საქართველოს ყველა ზონაში, მაგრამ უმთავრესად დასავლეთში.
ჯიშის დახასიათება: ხოკერა გოგრა საგვიანო ჯიშია. ყვავილი ერთსქესიანია, ერთსახლიანი. ყვავილის ყუნწი მოკლეა. პოპულაციების მიხედვით, ღერო მკვრივი, წახნაგოვანი, დაღარული, საშუალო ან გრძელი აქვს. ფოთოლი საშუალო სიდიდისაა, ხუთკუთხიანი, ნაკვთოვანი. ფოთოლი და ყუნწი დაფარულია უხეში ეკლისებრი ბუსუსებით. ნაყოფი საშუალო სიდიდის, უმეტესად წვრილი, ფორმით შეიძლება იყოს მრგვალი, ბრტყელი, კვერცხისებრი, მოგრძო–ცილინდრული. ფერად შავი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, მიხაკისფერი, მიხაკისფერ–ჭრელი და სხვ. ნაყოფს ყვავილსაჭდომი შეზნექილი აქვს, ზედაპირი გლუვი, წახნაგოვანი, დაღარული, მეჭეჭებიანი. რბილობი ნარინჯისფერია, ყვითელი, მოვარდისფრო–ყვითელი, ბოჭკოვანი ან ფქვილისებრი აღნაგობის. თესლი საშუალო ზომისაა, მოყვითალო–თეთრი, მკაფიო სქელი არშიით. გვხვდება უკანო თესლიანი ჯიშებიც. თესლბუდე ძალიან დიდია და ნაყოფი მსუბუქი, რბილობი 1,5–2 სმ. სისქისაა. ნაყოფის ქერქი ბაკნისებური, მკვრივი, ადვილად მტვრევადი, შეწვის და მოხარშვის შემდეგ ქერქი თავის ფორმას და სიმაგრეს არ კარგავს. შენახვის კარგი უნარით ხასიათდება, მაგრამ გემურ თვისებებს მალე კარგავს, ტრანსპორტაბელურია.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახებოდეს კერძო კოლექციაში, ან რომელიმე საზღვარგარეთის გენეტიკური რესურსების ბანკში.
დამატებითი ინფორმაცია: ხოკერა გოგრა სითბოსა და სინათლის უფრო ნაკლები მომთხოვნია, გოგრის სხვა სახეობებთან შედარებით. ამიტომ მას სიმინდში ან სხვა ნათესებთან შერევით თესენ. წმინდა ნათესის სახით იგი იშვიათად გვხვდება, მაღალ ზონებში უფრო მეტად ვრცელდება.
წყაროები: ი.ფ. მაჭავარიანი, ზოგიერთი ბოსტნეულ–ბაღჩეული კულტურის აგროტექნიკა და მეთესლეობა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში. სადისერტაციო შრომა, თბილისი–1970
ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელი სადგურის 1988 წლის სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის ანგარიში.