რა არის ინოვაცია?

“ინოვაცია” – ალბათ ამ სიტყვის გაგონებისას უამრავი ტექნოლოგიური მიღწევა, სხვადასხვა განმარტება ან, თუნდაც, ნათურა გახსენდებათ. მართალია, არ არსებობს ინოვაციის დადგენილი განმარტება, მაგრამ შევეცდები ნათლად გადმოვცე მისი არსი და შინაარსი.

ინოვაცია არის მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილება პროდუქტის შეთავაზებაში, მომსახურებაში, ბიზნეს მოდელსა და მოქმედებაში. მარტივად, ინოვაცია არის რაიმე სიახლის, ან უკვე არსებულის ახლებურად გაკეთება. ეს სიტყვა გამოიყენება ძალიან დიდი ცვლილებების აღსაწერად, რომლებიც გამოიწვევს ფირმის მოღვაწეობის წარმატებულ განვითარებას. ეს ცვლილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალ ან გაუმჯობესებულ პროდუქტთან, პროცესთან, მარკეტინგულ დანახარჯებთან, ინვესტიციებთან, ინტელექტუალური საკუთრების შექმნასთან ან ტექნოლოგიების შესყიდვასთან.

ინოვაციები ითვლება ფუნდამენტურ, გადამწყვეტ ფაქტორად ფირმის საქმიანობაში. სხვადასხვა ფირმა იყენებს ინოვაციების სხვადასხვა მეთოდებს. ხშირ შემთხვევაში კონკრეტული ფირმებიც აუმჯობესებენ და ცვლიან ინოვაციურ მეთოდებს დროთა განმავლობაში. ეს პროცესი ხორციელდება უფრო ეფექტური პროდუქციის, მომსახურების, ტექნოლოგიების ან იდეების შესაქმნელად, რომლებიც ხელმისაწვდომია ბაზარზე, ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის.


ინოვაცია, ეკონომიკაში მართვის მეცნიერებასა თუ სხვა სფეროში, ზოგადად, არის პროცესი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ახალ იდეებს ისე, რომ მათ აქვთ გავლენა საზოგადოებაზე.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ “რაიმე ახალი” არ არის ინოვაციის საკმარისი განმარტება. არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც სიახლეს არ აქვს არანაირი ღირებულება. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უამრავი ახალი რამ, რაც არ იქნება სასარგებლო და მნიშვნელოვანი. აუცილებელია შეიქმნას ახალი, ღირებულების მქონდე პროდუქტი (ან მომსახურება) იმისათვის, რომ იყოს ინოვაციური.

ალბათ, ინოვაციის იმდენი განმარტება არსებობს, რამდენი ექსპერტიცაა ამ სფეროში. ქვემოთ თქვენ წაიკითხავთ სხვადასხვა პიროვნებების მოსაზრებას, თუ რა არის ინოვაცია:

“ახლებური აზროვნება, რომელიც ქმნის ღირებულებას” — Richard Lyons.

“ახალი პროდუქტები, ბიზნეს პროცესები და ორგანული ცვლილებები, რომლებიც ქმნიან სიმდიდრეს ან/და სოციალურ კეთილდღეობას” — OECD think tank.

“ინოვაცია არის განსაზღვრული ინსტრუმენტი სამეწარმეო საქმიანობის… აქტი, რომელიც უზრუნველყოფს რესურსებს, ახალი შესაძლებლობებით შექმნას სიმდიდრე”. — Peter Drucker.

“ინოვაცია არის ახლის შექმნა, ან ძველის ახლებურად, ხელახლა მოწყობა”. — Michael Vance.

“ინოვაცია არის პროცესი, ახალი იდეების მიღების გზით, მომხმარებლების დაკმაყოფილებისა”. — Vadim Kotelnikov.

“ინოვაცია განსხვავებულად ფიქრის შედეგი არ არის. ინოვაცია არის არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე გამიზნულად ფიქრის შედეგი”. — Andrew Razeghi

“ინოვაცია არის რაღაცის შექმნა, რაც გააუმჯობესებს ჩვენს ცხოვრებას”. — Barack Obama

წყარო : http://ite-r.blogspot.com/2014/01/blog-post.html